2026 წლის 1 მარტიდან საქართველოში უცხოელთა დასაქმების წესები შეიცვალა. თუ თქვენ ცხოვრობთ საქართველოში და გეგმავთ აქ მუშაობას, როგორც თანამშრომელი, ფრილანსერი ან დამოუკიდებელი კონტრაქტორი, ეს ცვლილებები თქვენზე პირდაპირ აისახება. მნიშვნელოვანია იცოდეთ რა არის სავალდებულო და როგორ უნდა იმოქმედოთ ახალ რეალობაში.
ამ სტატიაში მოკლედ და მარტივად აგიხსნით მთავარ ცვლილებებს და იმ დეტალებს, რასაც აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება.
როგორი იყო აქამდე უცხოელთა დასაქმების პროცედურა?
აქამდე საქართველოში მოქმედი სისტემა საკმაოდ მოქნილი იყო. საქართველოში კანონიერად მყოფ ნებისმიერ უცხოელს შეეძლო ანაზღაურებადი საქმიანობის განხორციელება დამატებითი ნებართვების გარეშე – არც შრომითი ნებართვა იყო საჭირო და არც ბინადრობის ნებართვა კონკრეტულად დასაქმებისთვის.
სწორედ ამ გარემოების გამო საქართველო განსაკუთრებით მიმზიდველი იყო:
- ფრილანსერებისთვის
- IT სპეციალისტებისთვის
- დისტანციურად მომუშავე პროფესიონალებისთვის
- დამოუკიდებელი კონტრაქტორებისთვის
რა იცვლება 1 მარტიდან?
ახლა ყველა უცხოელს, ვისაც სურს საქართველოში მუშაობა ადგილობრივ დამსაქმებელთან თუ დამოუკიდებლად სჭირდება:
- შრომითი საქმიანობის უფლება – სპეციალური ნებართვა, რომელიც გაიცემა შრომის მიგრაციის სააგენტოს მიერ
- D1 კატეგორიის ვიზა ან შრომითი/IT ბინადრობის ნებართვა
ანუ მუშაობა უკვე ფორმალურად რეგულირდება და ნებართვის გარეშე აღარ არის შესაძლებელი.
ვის ეხება ეს ცვლილებები?
ახალი წესები ვრცელდება შემდეგ კატეგორიებზე:
- შრომით იმიგრანტი – უცხოელი, ვისაც სურს ადგილობრივ კომპანიაში დასაქმება (ადგილზე ან დისტანციურად)
- თვითდასაქმებულ უცხოელი – ვინც დამოუკიდებლად ახორციელებს კომერციულ საქმიანობას (ვაჭრობა, მომსახურება, კონტრაქტორობა და სხვ.)
- ადგილობრივ დამსაქმებელი – იურიდიული პირი ან ინდივიდუალური მეწარმე
- მომსახურების ორგანიზატორს – ვინც ნებისმიერ გარიგებაში შედის თვითდასაქმებულ უცხოელთან
ვის არ ეხება?
შემდეგი კატეგორიის პირებზე ახალი მოთხოვნები არ ვრცელდება:
- მუდმივი ბინადრობის ან საინვესტიციო ნებართვის მქონეები
- ლტოლვილები და დამატებითი/დროებითი დაცვის ქვეშ მყოფები
- თავშესაფრის მაძიებლები
- დიპლომატიურ მისიებში, საკონსულო დაწესებულებებსა ან საერთაშორისო ორგანიზაციებში დასაქმებულები
- უცხოური მედიის მიერ აკრედიტებული ჟურნალისტები
- პირები, ვისზეც საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით განსხვავებული წესი მოქმედებს
სად და როგორ უნდა აიღოთ ნებართვა?
შრომითი იმიგრანტის შემთხვევაში:
- დამსაქმებელი ათავსებს ვაკანსიას worknet.moh.gov.ge-ზე
- სააგენტო 10 სამუშაო დღეში ცდილობს ადგილობრივი კანდიდატი შესთავაზოს
- თუ ვერ მოიძია – დამსაქმებელი წარადგენს განცხადებას labourmigration.moh.gov.ge-ზე
- შრომითი იმიგრანტი იღებს D1 ვიზას ან ბინადრობის ნებართვას
თვითდასაქმებული უცხოელის შემთხვევაში:
- წარადგენს განცხადებას labourmigration.moh.gov.ge-ზე
- გადის ვიდეოგასაუბრებას სააგენტოსთან
- იღებს D1 ვიზას ან შრომით ბინადრობის ნებართვას
საჭირო დოკუმენტები
შრომითი იმიგრანტისთვის:
- შრომითი ხელშეკრულება
- პასპორტის ასლი
- დამსაქმებლის მიერ დადასტურებული განაცხადი
თვითდასაქმებული უცხოელისთვის:
- წლიური ბრუნვის დამადასტურებელი დოკუმენტი, ან
- ბიზნეს გეგმა + ფინანსური უზრუნველყოფის დოკუმენტი (ახალი საქმიანობის დაწყებისას)
ნებართვის ვადები
| კატეგორია | საწყისი ვადა | განახლება |
| ჩვეულებრივი | 6 თვე – 1 წელი | პირველი 5 წელი: ყოველ ჯერზე 1 წლამდე |
| IT სექტორი | 3 წელი | ყოველ ჯერზე 3 წლამდე |
ვადის გასაგრძელებლად განცხადება 30 კალენდარული დღით ადრე უნდა შევიდეს.
IT სექტორი – განსაკუთრებული პირობები
IT სფეროში მომუშავე უცხოელებს შეუძლიათ IT ბინადრობის ნებართვა მიიღონ (ჩვეულებრივი შრომითი ნებართვის ნაცვლად), ხოლო საერთაშორისო კომპანიის ან ინოვაციური სტარტაპის სტატუსის მქონე კომპანიები გამოტოვებენ ვაკანსიის საჯარო განთავსების ეტაპს.
რა მოხდება წესების დარღვევის შემთხვევაში?
დარღვევების შემთხვევაში ჯარიმები მკაცრია:
- 2,000 ლარი – ნებართვის გარეშე დასაქმებაზე (ყოველ უცხოელზე ცალ-ცალკე, როგორც უცხოელზე, ასევე დამსაქმებელზე)
- 1,000 ლარი – შრომითი ხელშეკრულების ცვლილების/შეწყვეტის სამინისტროსთვის დროულად არ შეტყობინებაზე
- განმეორებით დარღვევაზე ჯარიმა ორმაგდება, ხოლო მომდევნო დარღვევებზე – ექვსმაგდება
გარდამავალი ვადები
- შრომითი იმიგრანტები, რომლებიც 1 მარტამდე რეგისტრირებულნი არიან ბაზაში: ვალდებულია მოაგვარონ ნებართვები 2027 წლის 1 იანვრამდე
- თვითდასაქმებული უცხოელები, ვინც 1 მარტამდე უკვე ახორციელებდნენ საქმიანობას: ვალდებულია შეასრულონ ახალი მოთხოვნები 2026 წლის 1 მაისამდე
შეჯამება
ახალი კანონმდებლობა მნიშვნელოვნად ცვლის უცხოელთა დასაქმების პრაქტიკას საქართველოში. თუ ადრე პროცესი მარტივი და ნაკლებად რეგულირებული იყო, ახლა ის გახდა უფრო სტრუქტურირებული და კონტროლირებადი.
ამიტომ მნიშვნელოვანია, წინასწარ იცოდეთ ყველა მოთხოვნა და იმოქმედოთ შესაბამისობაში, ეს დაგიზოგავთ დროს, რესურსებს და თავიდან აგარიდებთ ჯარიმებს.
